Premise-ის გამოყენების წესები და პირობები
ძალაში შესვლის თარიღი: 2024 წლის 1-ლი აპრილი
წინამდებარე გამოყენების წესები და პირობები (შემდგომში “შეთანხმება”) არეგულირებს Premise-ის მობილური აპლიკაციების (შემდგომში “აპი”), Premise-ის ვებ გვერდის www.premise.com (შემდგომში “ვებ-გვერდი”) და Premise-ის პორტალის ან Premise-ის მიერ შემოთავაზებული სხვა ონლაინ სერვისის (შემდგომში “პლატფორმა”) და სერვისების ან პროდუქტების, რომელიც ხელმისაწვდომია აპში ან აპის, ვებ-გვერდსა და პლატფორმის საშუალებით (შემდგომში, ერთობლივად ვებ-გვერდი, აპი და პლატფორმა მოხსენიებულია როგორც სერვისი).
გთხოვთ, დაუთმოთ დრო და ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე შეთანხმებას. კომპანიის სახელით სერვისით სარგებლობა დაშვებულია მხოლოდ აღნიშნული კომპანიის მიერ წინასწარ გაცემული წერილობითი ნებართვის საფუძველზე. თქვენ, ან კომპანია, რომლის სახელითაც სარგებლოთ სერვისით, წინამდებარე შეთანხმებაში მოხსენიებული იქნებით, როგორც “თქვენ”, “თქვენი” ან “მომხმარებელი”. სერვისი ეკუთვნის და იმართება Premise Data Corporation (შემდგომში “PDC”)-ის მიერ. თუ წინამდებარე შეთანხმებაში რომელიმე ჩანაწერს დამაბნევლად მიიჩნევთ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ PDC-ის შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected]
წინამდებარე პირობები შეიცავს სავალდებულო ინდივიდუალურ არბიტრაჟს და კოლექტიურ სარჩელზე ან ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარის თქმის დებულებას. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ან კოლექტიური სარჩელის ნაცვლად, სამართლებრივი დავები წყდება ინდივიდუალური არბიტრაჟის მეშვეობით.
თუ არ ეთანხმებით წინამდებარე შეთანხმების ყველა წესსა და პირობას, არ შექმნათ ანგარიში და არ გამოიყენოთ, ან არ დაამყაროთ წვდომა სერვისზე.
ასაკობრივი მოთხოვნები
სერვისი გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირების მიერ, რომელთა ასაკი არის მინიმუმ 18 წელი ან, რომლებსაც შეუსრულდათ სრულწლოვნების ის ასაკი, რომელიც დადგენილია იმ ქვეყნის მიერ, რომელშიც პირი ცხოვრობს სერვისის გამოსაყენებლად ანგარიშის შექმნის მომენტში და რომელშიც პირი ასრულებს ნებისმიერ დავალებას (როგორც ეს ქვემოთ არის განსაზღვრული).
კონფიდენციალურობა
PDC-ის კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკა ხელმისაწვდომია ვებ-გვერდსა და პლატფორმაზე (მონაცემთა დაცვის პოლიტიკა) და წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკა (https://tos.premise.com/privacy-policy/), ხელმისაწვდომია აპიდანაც. PDC გირჩევთ, რომ ყურადღებით გაეცნოთ კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკას. თქვენი თანხმობა წინამდებარე შეთანხმებაზე ასევე წარმოადგენს კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკაზე (რომელშიც დროდადრო შეიძლება შევიდეს ცვლილებები) თანხმობას.
წვდომისა და გამოყენების პირობები
წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე ნებისმიერი ანაზღაურების მისაღებად, აუცილებელია მომდევნო პირობების დაცვა. მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ თავად ან მის მიერ წინამდებარე შეთანხმების პირობების შესაბამისად სერვისების მიწოდებაში ჩართული პირი:
-
- არ არის კუბის, ირანის, ჩრდილოეთ კორეის, სუდანის, სირიის, უკრაინაის/რუსეთის ყირიმის რეგიონის, ან სხვა რომელიმე ისეთი ტერიტორიის რეზიდენტი, მოქალაქე ან მუდმივი რომელიც არის სანქცირების ობიექტი ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსების დეპარტამენტის სანქციების პროგრამების ფარგლებში (ინფორმაცია ამგვარი პროგრამების შესახებ ხელმისაწვდომია მისამართზე: სანქციები და ინფორმაცია ქვეყნების შესახებ); ან
- არ არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დადგენილი სავაჭრო შეზღუდვების სუბიექტი, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, იმ სანქციების სუბიექტი, რომელიც მიღებულია ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსების დეპარტამენტის მიერ სანქციების პროგრამების ფარგლებში, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო და სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლის კანონმდებლობის თანახმად. იმ მხარეთა კონსოლიდირებული სქრინინგი, რომლებიც ექვემდებარებიან ამგვარ შეზღუდვებს, ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: კონსოლიდირებული სქრინინგ სია.
PDC-ისთვის მნიშვნელოვანია თაღლითობის პრევენცია და სამართლებრივი შესაბამისობის საკითხები. იმისათვის, რომ მომხმარებელმა შეძლოს რეგისტრაცია და დავალებების (როგორც ეს ქვემოთ არის განსაზღვრული) შესრულება, მომხმარებელი ადასტურებს და თანხმობას აცხადებს, რომ თუ PDC აღნიშნულს საჭიროდ მიიჩნევს, PDC-ის შეუძლია თავისი დისკრეციის ფარგლებში ჩაატაროს მომხმარებლის წარსულთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შემოწმება.
მომხმარებელი ადასტურებს და ამტკიცებს, რომ:
-
- მომხმარებელი არ არის გაეროს უშიშროების საბჭოს, აშშ-ს მთავრობის (მათ შორის, აშშ-ს ფინანსების დეპარტამენტის მიერ სპეციალურად განსაზღვრული მოქალაქეების სიასა და უცხოური სანქციების დამრღვევთა სიებში) ევროკავშირის ან მისი წევრ-სახელმწიფოების, ასევე, იმ შემთხვევაში, თუ პირი იმყოფება ევროკავშირის ან აშშ-ს საზღვრებს გარეთ, პირის მოქალაქეობის სახელმწიფოს მიერ დაწესებულ აკრძალულ მხარეთა სიებში; და
- მომხმარებელი არ ეკუთვნის ან კონტროლდება, ან მოქმედებს, იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის სახელით, რომელიც შეყვანილია ზემოაღნიშნულ სიებში; და
- ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის ან/და სხვა სახელმწიფოს კანონის ან/და რეგულაციის თანახმად მომხმარებელს სხვაგვარად არ აქვს შეზღუდული PDC-ისგან გადახდების მიღება ან PDC-ისთვის მომსახურების გაწევა; და
- მომხმარებელი მხარს არ უჭერს, არ არის ასოცირებული ან აქტიურად ჩართული ნებისმიერი სახის ტერორისტულ აქტივობაში; და
- მომხმარებელი არ უზრუნველყოფს ნებისმიერი სახის მხარდაჭერას (ფინანსური ან არაფინანსური) ნებისმიერ პირისთვის ან ორგანიზაციისთვის, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, იმ პირების და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც განსაზღვრულნი არიან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის N13224 აღმასრულებელი ბრძანებით, რომელიც უკავშირდება ტერორისტულ აქტივობებს მომხმარებლის მიერ PDC-ისთან ურთიერთობის გზით მიღებული ფინანსური ანაზღაურების შედეგად; და
- მომხმარებელი, თავად მომხმარებლის სახელით ან იურიდიული პირის სახელით მოქმედებისას, არის მინიმუმ 18 წლის ასაკის (ან სრულწლოვნების იმ ასაკის, რომელიც დადგენილია იმ სახელმწიფოში, სადაც მომხმარებელი ცხოვრობს და ასრულებს ნებისმიერ დავალებას (როგორც ეს განსაზღვრულია ქვემოთ)) და მომხმარებელი იურიდიულად უფლებამოსილია, რომ გამოიყენოს სერვისი და იტვირთოს სრული პასუხისმგებლობა სერვისის შერჩევისა და გამოყენებისთვის.
ზემოაღნიშნული პირობების დაუცველობამ შესაძლებელია გამოიწვიოს სამოქალაქო პასუხისმგებლობა PDC-ის ან სხვა მხარეების მიმართ, ან, ასევე, შეიძლება წარმოადგენდეს დანაშაულს. დამატებით, ზემოაღნიშნული პირობების დაუცველობა გამოიწვევს ამ შეთანხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტას, დავალებების (როგორც ეს ქვემოთ არის განსაზღვრული) შედეგად გამომუშავებული ნებისმიერი ანაზღაურების ჩამორთმევას, კანონით, არბიტრაჟით ან სარჩელით გათვალისწინებული წესით ან წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურითა და შესაბამისი ორგანოებისთვის შეტყობინების გზით.
წინამდებარე შეთანხმების პირობების შესაბამისად, PDC უზრუნველყოფს მომხმარებელს სერვისით – იმისათვის, რომ მომხმარებელმა სერვისი გამოიყენოს მხოლოდ PDC-ის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის და სხვა წერილობითი ინსტრუქციების შესაბამისად (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, იმ ინსტრუქციების შესაბამისად, რომლებიც შეიძლება განათავსოს PDC-იმ ვებ-გვერდზე, გაავრცელოს აპლიკაციის მეშვეობით ან განსაზღვროს ამგვარი ინსტრუქცია დავალების აღწერაში).
მომხმარებელი აცნობიერებს, რომ ზოგჯერ, შესაძლებელია, სერვისმა შეწყვიტოს ფუნქციონირება მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების და განახლებების გამო. ამ განახლებების შემდეგ მომხმარებელმა შესაძლოა აღმოაჩინოს სერვისის ახალი ფუნქციები ან ძველი ფუნქციების გაქრობა.
მომხმარებელი პასუხისმგებელია ნებისმიერი აღჭურვილობის ან მომსახურების მიღებაზე, რომელიც საჭიროა სერვისზე წვდომისთვის ან მასთან დასაკავშირებლად, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ინტერნეტ კავშირი, WiFi, SMS სერვისი, მოდემები, შესაბამისი ელექტრო ტექნიკა, პროგრამული უზრუნველყოფა და შორი დისტანციის ან ადგილობრივი სატელეფონო სერვისი. მომხმარებელი პასუხისმგებელია, რომ აღნიშნული აღჭურვილობა და მომსახურება თავსებადია სერვისთან.
მომხმარებელი პასუხისმგებელია ყველა ხარჯზე, რომელიც უკავშირდება სერვისის გამოყენებას და დავალებების (როგორც ეს ქვემოთ არის განსაზღვრული) შესრულებას, როგორიცაა მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ინტერნეტის გადასახადი, Wifi-ს გადასახადი, SMS-ის გადასახადი, მობილური ან სხვა უკაბელო სატელეკომუნიკაციო სერვისების გადასახადი, პროგრამული უზრუნველყოფის ან ელექტრო ტექნიკის განახლების და მონაცემთა გაზიარების გადასახადი.
თუ მომხმარებელი მართავს მანქანას, მოტოციკლს, სკუტერს ან სხვა ტიპის პერსონალურ სატრანსპორტო საშუალებას ან აღჭურვილობას (ერთობლივად, „სატრანსპორტო საშუალება“) დავალების შესრულებისას (როგორც ეს ქვემოთ არის განსაზღვრული), მომხმარებელმა უნდა ატაროს/მართოს სატრანსპორტო საშუალება უსაფრთხოდ და არ უნდა გამოიყენოს მობილური ტელეფონი ან სხვა მოწყობილობა, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას. მომხმარებელი ასევე ვალდებულია იქონიოს სულ მცირე, სატრანსპორტო საშუალების მინიმალური დაზღვევის პაკეტი, რომელიც კანონითაა განსაზღვრული, ხოლო თუ კანონით ასეთი არაა დადგენილი მოცემულ იურისდიქციაში, მაშინ დაზღვევის ის მინიმალური პაკეტი, რომელიც გონივრული არჩევანი იქნება მომხმარებლის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვით გამოწვეული ან მიღებული ზიანის დასაფარად. მომხმარებელი აცნობიერებს, რომ PDC-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა აანაზღაუროს მომხმარებლის მიერ მიღებული ან გამოწვეული ნებისმიერი ზიანი, რომელიც დადგა მომხმარებლის მიერ დავალების შესრულებისას და როგორც მოცემულია “კომპენსაციის” განყოფილებაში, მომხმარებელი PDC-ს აუნაზღაურებს ნებისმიერ პრეტენზიას, რომელიც წარმოიქმნება მესამე მხარის მხრიდან PDC-ის მიმართ მომხმარებლის ქმედების გამო მის მიერ დავალებების შესრულების პერიოდში.
დავალებები, ანაზღაურება, თანხის გატანის მინიმალური ოდენობა და ვადები, საკომისიოები და გადასახადები
მომხმარებლებს, რომლებიც გადმოიწერენ აპლიკაციას, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ გამოკითხვის შესასრულებლად, ასევე წარმოადგინონ საკუთარი თავის ან მათ მიერ დაკვირვებული გარემოს ვიდეო, ეკრანის ფოტოები, ფოტოები, ჩანაწერები ან შეასრულონ სხვა პროექტი (შემდგომში “დავალება”). თითოეული დავალებისათვის დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის, აქტივობა, რომელიც უნდა შესრულდეს, ვადები, ლოკაცია და ფორმა (როგორიცაა, გამოკითხვის პასუხი, ლოკაციაზე მოკვლეული ინფორმაცია, ფოტო, ეკრანის ფოტო, ჩანაწერი ან ვიდეო) განსაზღვრულია დავალების შეტყობინებაში და წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების არსებით ნაწილს.
დავალების შეტყობინებში ასევე შესაძლებელია განსაზღვრული იყოს დამატებითი ინფორმაცია მონაცემთა შეგროვების, გამოყენების ან გაზიარების შესახებ კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე მითითებით ან მასთან დამატებით. დავალების შეტყობინება, ასევე, განსაზღვრავს ანაზღაურების (არსებობის შემთხვევაში) ოდენობას, რომელიც დაემატება მომხმარებლის ბალანსს წარდგენილი დავალების დადასტურების შემთხვევაში. ანაზღაურების მიღება შესაძლებელია ამ შეთანხმების შესაბამისი პირობების თანახმად მას შემდეგ, რაც დავალება შესრულდება და დადასტურდება წინამდებარე შეთანხმების შესაბამისი პირობების დაცვით (შემდგომში “დავალების შესრულება”). სერვისზე რეგისტრაციით ან დავალებების შესრულებით არ წარმოიშობა შრომითი ურთიერთობა.
თანხის გატანის პროცედურა და მინიმალური ოდენობა. მომხმარებლებმა უნდა შეარჩიონ ანაზღაურების მიღების საშუალებები აპლიკაციაში მითითებული იმ ოფციებიდან, რომლებიც ხელმისაწვდომია იმ ქვეყანაში, სადაც ისინი ცხოვრობენ და ასრულებენ დავალებებს. ანაზღაურების დაჩქარებულად გაცემის მიზნით PDC იყენებს ისეთი მესამე პირების მომსახურებას, როგორიცაა Mobile Top-Up, PayPal, Coinbase და Payoneer. როგორც წესი, ამ პროცესის სამართავად გამოყენებული მომსახურება ითვალისწინებს თანხის გატანის მინიმალურ ოდენობას. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს არ შეუძლია თანხის გატანა იქამდე, სანამ იგი არ შეასრულებს საკმარისი რაოდენობის დავალებას განაღდებისთვის საჭირო თანხის მინიმალური ოდენობის დასაგროვებლად. თანხის ეს ოდენობა მითითებულია აპლიკაციაში საგადახდო მომსახურების მისაღებად რეგისტრაციის დროს და ოდენობა განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. თანხის გატანის ოდენობა იცვლება მომსახურების მომწოდებელი მესამე პირის ან PDC-ის მიერ. PDC-ის რეკომენდაციის თანახმად, სასურველია აპლიკაციაში მითითებული თანხის გატანის მინიმალური ოდენობის შემოწმება პერიოდულად, რათა მომხმარებელს ჰქონდეს ცვლილებებზე ინფორმაცია.
თანხის გატანის ვადებთან დაკავშირებული შეზღუდვები. ნებისმიერი დავალებისთვის, რომელიც შესრულებულია 2022 წლის 1 აპრილს ან ამ თარიღის შემდეგ, მომხმარებლებმა უნდა განახორციელონ თანხის გატანა დავალების შესრულების შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში (შემდგომში “თანხის გატანის პერიოდი”). იმ დავალებებისთვის, რომლებიც შესრულებულია 2022 წლის 1 აპრილამდე, მომხმარებლებმა უნდა განახორციელონ თავიანთი თანხის გატანა არაუგვიანეს 2023 წლის 31 მარტამდე (შემდგომში “თანხის გატანის გაზრდილი პერიოდი”). იმ შემთხვევაში, თუ თანხის გატანა არ განხორციელდა თანხის გატანის პერიოდში ან თანხის გატანის გაზრდილ პერიოდში, აღნიშნულმა შესაძლებელოა გამოიწვიოს დამატებითი საკომისიოს გადახდის აუცილებლობა, თანხის ჩამორთმევა ან ორივე ერთდროულად, როგორც ეს წინამდებარე შეთანხმებაში არის მითითებული. მომხმარებლებს შეუძლიათ მონიტორინგი გაუწიონ ანაზღაურების ხანდაზმულობის საკითხს აპლიკაციაში დავალების ისტორიის, დავალების შესრულების თარიღისა და დავალების ანაზღაურების ოდენობის გადამოწმებით (არსებობის შემთხვევაში).
საკომისიო თანხის დაგვიანებით გატანისთვის. თუ რომელიმე მომხმარებელი ვერ მოახერხებს ხელმისაწვდომი თანხის გატანას შესაბამისი თანხის გატანის პერიოდის ან თანხის გატანის გაზრდილი პერიოდის ამოწურვამდე (შემდგომში “ხანდაზმული თანხები”), PDC უფლებამოსილია დაარიცხოს საკომისიო ხანდაზმულ თანხებს, რომლებიც არ განაღდებულა, წლიურად 1 დოლარის ოდენობით.
გამონაკლისი თანხის გატანის ვადებიდან: თუ მომხმარებელს არ შეუძლია თანხის გატანა, იმის გამო, რომ PDC-ის არ განუთავსებია საკმარისი რაოდენობის დავალებები იმ გეოგრაფიულ რეგიონში, სადაც მომხმარებელმა შექმნა ანგარიში და რომელი დავალებების შესრულებითაც მომხმარებელი შეძლებდა შესაბამისი ვადის (თანხის გატანის პერიოდი ან თანხის გატანის გაზრდილი პერიოდი) განმავლობაში დაეგროვებინა საგადახდო მომსახურების მომწოდებლის მიერ დადგენილი მინიმალური ოდენობის თანხა, მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდეს PDC-ის ელ-ფოსტაზე: [email protected] და მოითხოვოს გათავისუფლება თანხის გატანის საკომისიოს ან ვადასთან დაკავშირებული მოთხოვნებისგან. PDC უფლებამოსილია საკუთარი დისკრეციით (1) გააუქმოს საკომისიო განსაზღვრული პერიოდით, (2) შესაძლებელი გახადოს მომხმარებლის მიერ თანხის გატანა ACH-ით ან საბანკო გადარიცხვით ან PDC-ის მიერ განსაზღვრული გადახდის სხვა საშუალებით, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი წარადგენს: საკმარის ინფორმაციას, იმისათვის, რომ PDC-იმ გადაამოწმოს მომხმარებლის ვინაობა და საკმარის ინფორმაციას იმ ანგარიშის შესახებ, რომელიც გამოყენებულ იქნება გადარიცხვისთვის. ამასთან, აღნიშნული გადარიცხვა განხორციელდება დავალებაში მითითებულ ვალუტაში.
თუ მომხმარებელი მიიჩნევს, რომ PDC-მ დაუშვა შეცდომა მომხმარებლის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მომხმარებელი უფლებამოსილია დაუკავშირდეს PDC-ის ელ-ფოსტაზე [email protected] მხარდაჭერისთვის.
მომხმარებელი არ არის PDC-ის დასაქმებული, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი ნებისმიერი გადასახადის გადახდასა და ვალდებულების შესრულებაზე, რომელიც უკავშირდება სერვისის გამოყენებას და დავალების შესრულების შედეგად მიღებულ ანაზღაურებას. PDC უფლებამოსილია გაუგზავნოს მომხმარებლებს საგადასახადო დოკუმენტები, როგორიცაა მაგალითად ფორმა 1099 ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ცვლილებები, მოდიფიკაციები და სერვისის შეჩერება
PDC-იმ შესაძლებელია შეცვალოს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს სერვისი ნებისმიერ დროს, მათ შორის, ნებისმიერი ფუნქციის, მონაცემთა ბაზის ან კონტენტის (შინაარსობრივი მასალის) ხელმისაწვდომობა. PDC, ასევე, უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვები სერვისის ზოგიერთ ფუნქციაზე ან შეზღუდოს მომხმარებლის წვდომა სერვისის ზოგიერთ ან ყველა ნაწილზე, ყოველგვარი შეტყობინების ან პასუხისმგებლობის გარეშე.
PDC იტოვებს უფლებას, თავისი დისკრეციით, შეცვალოს ეს შეთანხმება ნებისმიერ დროს ვებ-გვერდზე, პლატფორმაზე ან აპლიკაციაში შეტყობინების გამოქვეყნებით ან მომხმარებლისათვის ელ-ფოსტით ან ფოსტით შეტყობინების გაგზავნით. მომხმარებელი პასუხისმგებელია ამგვარი ცვლილებების გადამოწმებასა და გაცნობაზე. ამგვარი შეტყობინების მიღების შემდეგ მომხმარებლის მიერ სერვისის გამოყენება წარმოადგენს მომხმარებლის თანხმობას ამ შეთანხმების შეცვლილ წესებსა და პირობებზე.
აპლიკაციის, ვებ-გვერდის და პლატფორმის კონტენტი (შინაარსობრივი მასალა) და ინტელექტუალური საკუთრება
მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ ნებისმიერი კონტენტი, როგორიცაა სავაჭრო ნიშანი, ტექსტი, დიაგრამა და გრაფიკა, მონაცემი, მეტრიკა, ლოგო, ღილაკის ნიშანი, გამოსახურება, აუდიო კლიპი, ციფრული გადმოწერა, მონაცემთა კომპილაცია, მასალა და პროგრამული უზრუნველყოფა და სხვ. (შემდგომში კოლექტიურად მოხსენიებული, როგორც “კონტენტი”), რომელიც მოწოდებულია PDC-ის მიერ სერვისის მეშვეობით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომია PDC-ის აპლიკაციის, ვებ-გვერდის ან პლატფორმის მეშვეობით, დაცულია ინტელექტუალური საკუთრების უფლებით, სავაჭრო ნიშნებით, სერვისის ნიშნებით, პატენტებით, სავაჭრო საიდუმლოებით ან სხვა შესაბამისი უფლებებით ან კანონმდებლობით. გარდა PDC-ის მიერ ცალსახად წერილობით ავტორიზების შემთხვევისა, მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ არ გაყიდის, გასცემს ლიცენზიას, გააქირავებს, შეცვლის, გაავრცელებს, გაამრავლებს, გადასცემს, საჯაროდ გაავრცელებს, საჯაროდ შეასრულებს, გამოქვეყნებს, ადაპტირებას მოახდენს, დაარედაქტირებს კონტენტს ან ამგვარი კონტენტისგან შექმნის დერივაციულ ნაწარმოებს, და თანხმობას აცხადებს, რომ არ გამოიყენებს PDC-ის სავაჭრო ნიშნებს, გარდა იმ მიზნით, რომელიც უკავშირდება PDC-ის, ან მისი პროდუქტების ან სერვისის მითითებას. მომხმარებელი უფლებამოსილია დაბეჭდოს ან გადმოიწეროს კონტენტის გონივრულად შეზღუდული რაოდენობა აპლიკაციიდან, ვებ-გვერდიდან ან პლატფორმიდან, მომხმარებლის არაკომერციული საინფორმაციო მიზნებისთვის, იმ პირობით, რომ მომხმარებელი მიუთითებს შესაბამის ინფორმაციას ინტელექტუალური საკუთრების ყველა უფლებისა და ყველა სხვა უფლების შესახებ. აპლიკაციაში, ვებ-გვერდზე ან პლატფორმაზე არსებული კონტენტის, მასალის ან დიზაინის ელემენტების რეპროდუცირება, გამრავლება ან გავრცელება PDC-ის ცალსახა წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე ნებისმიერი სხვა მიზნით, მკაცრად აკრძალულია.
კონტენტის გამოყენება ნებისმიერი სხვა მიზნით, რომელიც განსაზღვრული არ არის ამ შეთანხმებაში, აკრძალულია. ნებისმიერი უფლება, რომელიც პირდაპირ არ არის მინიჭებული ამ შეთანხმებით, დაცულია.
გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული პირდაპირ არის განსაზღვრული ამ შეთანხმებით, მხოლოდ PDC-ის (და, სადაც რელევანტურია, მის ლიცენზიარებს) ექნება ნებისმიერი და ყველა ინტელექტუალური საკუთრების უფლება, რომელიც უკავშირდება სერვისს. ნებისმიერი კონტენტი, რომელიც განთავსებულია აპლიკაციაში, ვებ-გვერდზე ან პლატფორმაზე, წარმოადგენს PDC-ის ან მისი კონტენტის მომწოდებლების საკუთრებას. ნებისმიერი კონტენტის კომპილაცია აპლიკაციაში, ვებ-გვერდზე ან პლატფორმაზე წარმოადგენს PDC-ის ექსკლუზიურ საკუთრებას.
წინამდებარე შეთანხმება არ წარმოადგენს ნასყიდობას და არ ახდენს სერვისთან დაკავშირებული საკუთრების ნებისმიერი უფლების, ნებისმიერი კონტენტის ან ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერი უფლების გადაცემას.
მომხმარებლის კონტენტი
მომხმარებელი ადასტურებს და თანხმობას აცხადებს, რომ თუ მომხმარებელი განახორციელებს კონტენტის კონტრიბუციას აპლიკაციისთვის, ვებ-გვერდის ან პლატფორმისთვის, ან განახორციელებს კონტენტის კონტრიბუციას დავალებასთან დაკავშირებით (შემდგომში “მომხმარებლის კონტენტი”), PDC-ის (და მის სამართალმემკვიდრეებს და უფლების მიმღებებს) ენიჭება მომხმარებლის კონტენტის (მათ შორის, ინტელექტუალური საკუთრების ყველა უფლება) სრულად გამოყენების და ქვე-ლიცენზირების, ნებისმიერი მიზნით და სხვა პირისთვის (მათ შორის, ნებისმიერი პირი, რომელიც ჩართულია PDC-სთან დავალებების მართვისთვის) აღნიშნულის თაობაზე ნებართვის მიცემასთან დაკავშირებით არაექსკლუზიური, საყოველთაო, მუდმივი, გამოუხმობი, როალტისგან თავისუფალი, გადაცემადი უფლება.
მომხმარებელი უარს ამბობს მომხმარებლის კონტენტთან დაკავშირებით ნებისმიერ მორალურ უფლებაზე ან საჯაროობის უფლებაზე, რომელიც შესაძლებელია ჰქონდეს მომხმარებელს. PDC იტოვებს უფლებას წაშალოს მომხმარებლის ნებისმიერი კონტენტი აპლიკაციიდან, ვებ-გვერდიდან, ან პლატფორმიდან ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზეზით (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, მესამე პირებისგან ან ორგანოებისგან მომხმარებლის ამგვარ კონტენტთან დაკავშირებული მოთხოვნების ან ბრალდებების მიღებისას), ან მიზეზის გარეშე.
მომხმარებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ (i) მომხმარებელს აქვს ყველა უფლება და ნებართვა, რომ განახორციელოს მომხმარებლის კონტენტის კონტრიბუცია PDC-ის, აპლიკაციის, ვებ-გვერდის და პლატფორმის სასარგებლოდ და გადასცეს აღნიშნული ლიცენზია და მასთან დაკავშირებული უფლებები; (ii) მომხმარებლის კონტენტი არ არღვევს მესამე პირების უფლებებს ან/და არ ქმნის პასუხისმგებლობას PDC-ისთვის, მისი დასაქმებულების, კონტრაქტორების, თანამდებობის პირების, დირექტორების, აგენტების ან აფილირებული პირებისთვის, ან მესამე პირებისთვის, რომლებიც თანამშრომლობენ PDC-ისთან დავალებების მართვის მიზნით; (iii) მომხმარებლის კონტენტით და ნებისმიერი დავალების შესრულებით არ დაირღვევა მომხმარებლის მიერ მესამე პირის წინაშე ნაკისრი ვალდებულება და (iv) არც მომხმარებლის კონტენტი, არც მისი კონტრიბუცია, არ არღვევს მოქმედ კანონებსა და რეგულაციებს.
როგორც ზემოთ მოცემულია კონფიდენციალურობის განყოფილებაში, თუ მომხმარებლის რომელიმე კონტენტი შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, მაშინ ასეთი პერსონალური მონაცემები განიხილება PDC-ის მიერ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
მომხმარებელი აცნობიერებ და საკუთარი ნებით აცხადებს თანხმობას, რომ ნებისმიერი მისი პერსონალური მონაცემი, რომელსაც შეიცავს მომხმარებლის კონტენტი: (ა) შესაძლებელია გამოყენებულ იქნას PDC-ის მიერ წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული მიზნებით; და (ბ) შეიძლება გაზიარებულ იქნას PDC-ის მიერ ამ უკანასკნელის კლიენტებთან (და შემდგომ, მათ კლიენტებთან) მათი პირადი მოხმარებისა და ასეთი კონტენტის გამოყენების მიზნით (მათ შორის, მომხმარებლის კონტეტნის სოციალურ მედია პლატფორმებზე ან სხვა საჯარო სივრცეებში გამოქვეყნების მიზნით). წინამდებარე შეთანხმებაზე დათანხმება ნიშნავს პოზიტიურ თანხმობას მომხმარებლის მხრიდან მისი პერსონალური მონაცემების გამოყენებაზე ამ განყოფილების შესაბამისად.
უკუკავშირი
მომხმარებელი ანიჭებს PDC-ის არაექსკლუზიურ, საყოველთაო, მუდმივ, გამოუხმობად, როიალტისგან თავისუფალ, გადაცემად უფლებას, მომხმარებლის მიერ ან ნებისმიერი მესამე პირის მიერ სერვისთან დაკავშირებით მოწოდებული ნებისმიერი იდეის, შემოთავაზების, გაუმჯობესების მოთხოვნის, უკუკავშირის, რეკომენდაციების ან სხვა ინფორმაციის ნებისმიერი მიზეზით სრულად გამოყენებასთან და ქვე-ლიცენზირებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ყველა დაკავშირებულ ინტელექტუალური საკუთრების უფლებას (შემდგომში კოლექტიურად მოხსენიებული, როგორც “უკუკავშირი”). თუ მომხმარებელი გადაწყვეტს, რომ PDC-ის მიაწოდოს უკუკავშირი, PDC უფლებამოსილია იმოქმედოს უკუკავშირთან დაკავშირებით ნებისმიერი ვალდებულების ან ანაზღაურების გარეშე. ნებისმიერი უკუკავშირი არის არაკონფიდენციალური და PDC უფლებამოსილია გამოიყენოს ამგვარი ინფორმაცია შეუზღუდავად. მომხმარებელი უარს აცხადებს ნებისმიერ მორალურ უფლებაზე ან უკუკავშირთან დაკავშირებულ საჯაროობის უფლებაზე (არსებობის შემთხვევაში) და ნებისმიერ სხვა უფლებაზე, რომელიც მომხმარებელს შეიძლება ჰქონდეს.
მომხმარებელი ადასტურებს, რომ ნებისმიერი უკუკავშირი, რომელსაც იგი აწვდის PDC-ის, არ არღვევს ნებისმიერი მესამე პირის უფლებებს, მათ შორის, ინტელექტუალური საკუთრების, სავაჭრო ნიშნის, მონაცემთა დაცვის და სხვა უფლებებს.
ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა ანალიზი
PDC-მ შეიძლება გაანალიზოს მის მიერ შეგროვებუილ მონაცემები ან/და მონაცემები, რომელსაც მას მომხმარებელი აწვდის, მათ შორის სურათები, ვიდეოები, ჩანაწერები, ეკრანის ფოტოები და ფოტოები ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, ან PDC’s კლიენტებმა (და მათი კლიენტების კლიენტებმა) შესაძლოა ასევე გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი მათ მიერ ჩატარებულ იმ მონაცემთა ანალიზში, რომელთაც მათ PDC მიაწვდის.
მომხმარებლის სირთულეები, უსაფრთხოება და რისკების არიდება
PDC უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ დაეხმაროს მომხმარებელს იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი განიცდის სირთულეებს დავალებების შესრულებისას. მაგალითად, ამგვარი სირთულე შეიძლება მოიცავდეს ახალი აღჭურვილობის მოპოვებას, დაკარგული ან დაზიანებული აღჭურვილობის ჩანაცვლებას, ან კომპენსაციას სხეულის სერიოზული დაზიანების, პირადი საკუთრების დაზიანების, დაკარგული ნამუშევარის ან ჯარიმების გამო. ამგვარი დახმარების მისაღებად, მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს PDC-ს ელ.ფოსტაზე: [email protected]
უსაფრთხოება და კანონთან შესაბამისობა პრიორიტეტულია PDC-ისთვის. მომხმარებლებმა ყოველთვის უნდა იმოქმედონ უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით და პასუხისმგებლიანად საკუთარი თავის და სხვების მიმართ, იმგვარად, რომ ამ ქმედებებმა მომხმარებელს ან სხვა მესამე პირს არ შეუქმნას სხეულის ან საკუთრების დაზიანების რისკი. PDC არ ახალისებს ქმედებებს, რომლებიც წარმოშობენ სხეულის დაზიანების, მონაცემთა დარღვევის ან საკუთრების დაზიანების რისკს. მომხმრებელთა ქმედება ყოველთვის უნდა შეესაბამებოდეს კანონს, მათ შორის, მომხმარებლებმა უნდა იქონიონ დაზღვევა და არ დაარღვიონ კანონი, არ ჩაერთონ უკანონო აქტივობებში ან არ შეასრულონ რაიმე ქმედება, რომელიც საფრთხეს შეიცავს და რომელმაც შესაძლოა რისკის ქვეშ დააყენოს მომხმარებელი, მათ შორის, მანქანის ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას. მომხმარებელმა არ უნდა ატაროს მანქანა ან სატრანსოპრტო საშუალება უყურადღებოდ, არ უნდა ისარგებლოს მობილური ტელეფონით ან სხვა ელექტრონული საშუალებით სატრანსპორტო საშუალების მართვისას.
შეზღუდვები
მომხმარებელმა არ უნდა გამოიყენოს სერვისი ან მისი რაიმე კონტენტი ნებისმიერი მიზნით, რომელიც უკანონოა ან აკრძალულია ამ შეთანხმებით, ან არღვევს PDC-ის ან სხვა პირების უფლებებს.
მომხმარებელი, ასევე, აცხადებს თანხმობას, რომ არ განახორციელებს ჩამოთვლილთაგან არც ერთ ქმედებას:
-
- სერვისის ან PDC-ის კომპიუტერული სისტემების არასაჯარო ნაწილებთან წვდომა, ჩარევა ან გამოყენება;
- მცდელობა, რომ დამტკიცდეს, დასკანირდეს და დაიტესტოს PDC-ის სისტემის ან ქსელის მოწყვლადობა, ან უსაფრთხოების ან ავთენტიფიკაციის ნებისმიერი ღონისძიების დარღვევა;
- მცდელობა, რომ მოხდეს PDC-ის მიერ სერვისის ან ნებისმიერი კონტენტის დაცვის მიზნით შემუშავებული ნებისმიერი ტექნოლოგიური ღონისძიების გვერდის ავლა;
- მცდელობა, რომ მოხდეს სერვისის მიერ გამოყენებული ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფის დეკომპილაცია, დაშლა ან გადაკონსტრუირება;
- ნებისმიერი სახელმწიფო, შტატის, ადგილობრივი ან საერთაშორისო კანონის ან რეგულაციის დარღვევა;
- პიროვნების პირადი სივრცის დარღვევა;
- შესვლა არასაჯარო ადგილას ან სივრცეში, რომელშიც პირებს აქვთ პრივატულობის გონივრული მოლოდინი; ან
- ნებისმიერი მესამე პირის ხელშეწყობა ან შესაძლებლობის მიცემა, რომ განახორციელოს ზემოთჩამოთვლილი ნებისმიერი ქმედება.
რეგისტრაცია და უსაფრთხოება
დავალებების განხილვის ან შესრულების წინაპირობაა, რომ მომხმარებელმა გადმოწეროს აპლიკაცია, შექმნას ანგარიში, შეიყვანოს დაბადების წელი და დაუშვას სმარტფონის ისეთ ფუნქციებზე წვდომა, როგორიცაა, ადგილმდებარეობის განსაზღვრის სერვისები. იმის გათვალისწინებით, თუ სად იმყოფება მომხმარებელი, მომხმარებელი ვალდებულია: (I) შეიყვანოს Google ან Apple მონაცემები, ან (ii) დარეგისტრირდეს PDC-ზე და შეიყვანოს პაროლი და მომხმარებლის სახელი (შემდგომში “PDC მომხმარებლის სახელი”).
პლატფორმის გამოყენების წინაპირობაა, მომხმარებლის მიერ ანგარიშის შექმნა, მათ შორის, სახელის, დაბადების წელის, მისამართის და საკონტაქტო ინფორმაციის (ტელეფონი და ელ-ფოსტა) შეყვანა, აგრეთვე, პაროლისა და PDC მომხმარებლის სახელის შეყვანა.
მომხმარებელი ვალდებულია მიაწოდოს PDC-ის სწორი, სრულყოფილი და განახლებული სარეგისტრაციო ინფორმაცია. აღნიშნული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების დარღვევას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებლის ანგარიშის დაუყოვნებლივი დაბლოკვა.
მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი (i) შეარჩიოს ან გამოიყენოს სხვა პირის სახელი PDC მომხმარებლის სახელად, აღნიშნული პიროვნების განსახიერების მიზნით; (ii) შესაბამისი ნებართვის გარეშე PDC მომხმარებლის სახელად გამოიყენოს სახელი, რომელიც წარმოადგენს სხვა პირის უფლებების ობიექტს; ან (iii) გამოიყენოს სხვა პირის მონაცემები ან სხვაგვარად განასახიეროს სხვა პირი. PDC იტოვებს უფლებას, თავისი დისკრეციით უარი თქვას რეგისტრაციაზე ან გააუქმოს PDC მომხმარებლის სახელი ან სხვა რეგისტრაცია.
მომხმარებელი პასუხისმგებელია მომხმარებლის PDC პაროლისა და ანგარიშის სხვა ინფორმაციის კონფიდენციალობის შენარჩუნებისთვის.
ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც დარეგისტრირდება PDC-ზე ამერიკის შეერთებული შტატებს გარეთ, თანხმობას აცხადებს, რომ არ გამოიყენებს აპლიკაციას ან სხვაგვარად არ ექნება წვდომა სერვისზე ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ზიანის ანაზღაურება
მომხმარებელი პასუხისმგებელია მომხმარებლის ნებისმიერ აქტივობაზე, რომელიც უკავშირდება სერვისს, მათ შორის ნებისმიერ სხეულის, ქონების დაზიანებაზე ან სხვა დანაკარგზე, რომელიც გამოწვეულია მომხმარებლის მიერ დავალების შესრულებით. კანონით განსაზღვრულ ფარგლებში, მომხმარებელმა უნდა გაათავისუფლოს ზიანის ანაზღაურებისგან და დაიცვას PDC, მისი აფილირებული პირები და მისი და მისი აფილირებული პირების დასაქმებულები, კონტრაქტორები, დირექტორები, მომწოდებლები და წარმომადგენლები ნებისმიერი სახის პასუხისმგებლობისგან, მოთხოვნებისგან და ხარჯებისგან, მათ შორის, ადვოკატის გონივრული ხარჯებისგან, რომლებიც არ არის გამოწვეული PDC-ის დაუდევრობით ან განზრახი ქმედებით, რაც გამოწვეულია მომხმარებლის მიერ (i) სერვისის გამოყენებით ან არასწორი გამოყენებით; (ii) სერვისზე ან მის ნაწილზე წვდომით; ან (iii) წინამდებარე შეთანხმების დარღვევით.
გარანტიასთან დაკავშირებული დათქმა
თუ კანონით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, სერვისი (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, აპლიკაცია, ვებ-გვერდი, პლატფორმა და ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფა) მოწოდებულია არსებული სახით, ნებისმიერი სახის პირდაპირი ან ნაგულისხმევი გარანტიების გარეშე, მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ, ნაგულისხმევი გარანტიების გარეშე ვარგისიანობასთან, კონკრეტულ მიზანთან თავსებადობასთან ან დარღვევების არარსებობასთან დაკავშირებით. PDC არ იძლევა გარანტიას, რომ (I) სერვისი თავისუფალია ვირუსებისგან ან სხვა საზიანო კომპონენტებისგან, (II) სერვისი დაცული ან ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერ დროს ან ლოკაციაზე, (III) ნებისმიერი დეფექტი ან ხარვეზი გამოსწორდება, ან (IV) სერვისის გამოყენების შედეგები თავსებადი იქნება მომხმარებლის მოთხოვნებთან. კერძოდ, PDC არ იძლევა გარანტიებს სერვისის მეშვეობით წარმოდგენილი ნებისმირი მონაცემის სისწორესთან დაკავშირებით. მომხმარებლის მიერ სერვისის გამოყენება არის მხოლოდ მომხმარებლის რისკი.
ზოგიერთ შტატში ან ქვეყანაში მოქმედი კანონები არ ითვალისწინებს შეზღუდვებს ნაგულისხმევ გარანტიებთან დაკავშირებით ან კონკრეტული ზიანის გამორიცხვას ან შეზღუდვას. თუ ეს კანონები თქვენთვის სავალდებულოა, ზოგიერთი ან ყველა ზემოაღნიშნული დათქმა, გამორიცხვა ან შეზღუდვა შეიძლება თქვენზე არ გავრცელდეს და თქვენ შესაძლოა გქონდეთ დამატებითი უფლებები.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
PDC ან მისი თანამდებობის პირები, დირექტორები, დასაქმებულები, აგენტები, მომწოდებლები ან კონტრაქტორები არავითარ შემთხვევაში არ იქნებიან პასუხისმგებელნი სერვისთან (ან ნებისმიერ მონაცემთან ან სხვა ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ხელმისაწვდომია სერვისის მეშვეობით) დაკავშირებით ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დელიქტიდან, მკაცრი პასუხისმგებლობიდან, გაუფრთხილებლობიდან ან სხვა სამართლებრივი თეორიიდან გამომდინარე: (I) ნებისმიერი მიუღებელი შემოსავლის ან არაპირდაპირი, შემთხვევითი, საჯარიმო ან ირიბი ზიანისთვის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღნიშნული ზიანი სავარაუდოა, (II) ნებისმიერი ხარვეზის, ვირუსის, “ტროას ცხენის” ან მსგავსი ვირუსისთვის (წარმომავლობის მიუხედავად); (III) ნებისმიერი ხარვეზებისთვის ნებისმიერ მონაცემში ან ინფორმაციაში ან ნებისმიერი დანაკარგის ან ზიანის გამო, რომელიც გამოწვეულია მომხმარებლის მიერ ნებისმიერი განთავსებული, ელ-ფოსტით მიწოდებული, გადაცემული ან სხვაგვარად სერვისის მეშვეობით ხელმისაწვდომი ინფორმაციის გამოყენებისთვის; ან (IV) ნებისმიერი პირდაპირი ზიანისთვის, რომელიც აჭარბებს (ჯამურად) 100.00 აშშ დოლარს (იმის გათვალისწინებით, რომ თუ მომხმარებელმა გადაიხადა სერვისისთვის ან ფუნქციისთვის და ამგვარი გადახდა აღემატება 100.00 აშშ დოლარს, პასუხისმგებლობის ზღვარი უნდა გაიზარდოს გადახდილი თანხის ოდენობამდე). დამატებით, PDC არ არის პასუხისმგებელი რაიმე დანაკარგზე ან პასუხისმგებლობაზე, რომელიც გამოწვეულია მომხმარებლის შეუძლებლობიდან დაამყაროს წვდომა ან სხვაგვარად გამოიყენოს სერვისი (მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ, ნებისმიერი დაგვიანებები ან წყვეტები ელექტრონული ან მექანიკური აღჭურვილობის მწყობრიდან გამოსვლის გამო, სერვისზე შეტევები, შეცდომა მონაცემთა დამუშავებისას, სატელეკომუნიკაციო ან ინტერნეტ პრობლემები ან კომუნალური პრობლემები).
ზოგიერთ შტატში ან ქვეყანაში მოქმედი კანონები არ ითვალისწინებს შეზღუდვებს მეორეხარისხოვან ან არაპირდაპირ ზიანთან დაკავშირებით, შესაბამისად, ზემოაღიშნული შეზღუდვები და გამორიცხვები შეიძლება თქვენზე არ ვრცელდებოდეს. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, წინა აბზაცში მითითებული შეზღუდვები და გამორიცხვები არ გავრცელდება ნიუ ჯერსის რეზიდენტებზე.
შეწყვეტა
PDC უფლებამოსილია შეწყვიტოს მომხმარებლის წვდომა სერვისზე ან მის ნაწილზე ნებისმიერ დროს, მიზეზის მითითებით ან მითითების გარეშე, რაც ძალაში შევა მომხმარებლის ანგარიშის შეწყვეტისთანავე (იმის გათვალისწინებით, რომ თუ PDC დაადგენს, რომ PDC-ის ემუქრება მყისიერი საფრთხე, იგი უფლებამოსილია შეწყვიტოს წვდომა შეტყობინების გარეშე).
მომხმარებელი უფლებამოსილია გააუქმოს მომხმარებლის ანგარიში და PDC-ზე რეგისტრაცია ნებისმიერ დროს, მომხმარებლის მოწყობილობებიდან აპლიკაციის წაშლით, სერვისის გამოყენების შეწყვეტით და PDC-სთან შემდეგ ელ.ფოსტაზე შესაბამისი მოთხოვნის შეტყობინების გაგზავნით: [email protected]
შეწყვეტის შემდეგ მომხმარებელს აღარ ექნება წვდომა (ან მცდელობა წვდომაზე) სერვისზე.
წინამდებარე შეთანხმების ყველა დებულება, რომელიც მათი შინაარსის გათვალისწინებით უნდა მოქმედებდეს ამ შეთანხმების შეყვეტის შემდგომაც, იმოქმედებს შეწყვეტის შემდგომ, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, დავის გადაწყვეტის, იურისდიქციის და გამოსაყენებელი სამართლის დებულებები (მათ შორის, ნაფიც მსაჯულთა პროცესზე და კოლექტიურ სარჩელზე უარის თქმის დებულება), კონტენტზე საკუთრების დებულებები, გარანტიის დათქმა და პასუხისმგებლობის შეზღუდვის დებულებები.
დავების გადაწყვეტა, იურისდიქცია და გამოსაყენებელი სამართალი
წინამდებარე შეთანხმება რეგულირდება და განიმარტება კალიფორნიის შტატის კანონმდებლობით, როგორც კალიფორნიაში მცხოვრებ რეზიდენტებს შორის დადებული შეთანხმება.
მხარეები თანხმდებიან პერსონალურ იურისდიქციაზე სან ფრანცისკოში,კალიფორნია, აშშ. მხარეები თანხმდებიან პერსონალურ იურისდიქციაზე ნებისმიერი საკითხის თაობაზე, რომელიც არ არის არბიტრაჟის განსახილველი ან საკითხები, რომელიც ეხება არბიტრაჟისთვის მიმართვას, ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, შესაბამისობას, შეცვლას ან გაუქმებას, რა შემთხვევაშიც, საკითხის განხილვა განხორციელდება სან ფრანცისკოს, კალიფორნიის შტატის ან კალიფორნიის ნებისმიერ სხვა ჩრდილოეთის ოლქში, თუ საქმე გადაცემულია ფედერალური სასამართლოს მიერ სან-ფრანცისკოს დივიზიის გარდა სხვა ჩრდილო ოლქში.
გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ამ შეთანხმებაში, ნებისმიერი დავა, მოთხოვნა ან უთანხმოება, რომელიც გამომდინარეობს ან უკავშირდება ამ შეთანხმებას, აპლიკაციას, ვებ-გვერდს, პლატფორმას ან სერვისებს, ან მათ მარკეტინგს, მათ შორის, ამ შეთანხმების მოქმედების ფარგლების დადგენა არბიტრაჟთან მიმართებით და მოთხოვნები, რომლებიც მომხმარებელს გაუჩნდება ამ შეთანხმების დადებამდე, უნდა გადაწყდეს არბიტრაჟის მიერ JAMS Inc.-ის (შემდგომში “JAMS”) წესების და პროცედურის დაცვით, რომლებიც ძალაშია არბიტრაჟის დაწყების თარიღისთვის. მოთხოვნები, რომლებზეც არ ვრცელდება არბიტრაჟი გულისხმობს მოთხოვნებს, რომლებიც ეხება მომხმარებლის, PDC-ის ან PDC-ის ლიცენზიარების სავაჭრო საიდუმლოების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების, სავაჭრო ნიშნის ან პატენტის უფლების დარღვევას, დაცვას ან ნამდვილობას.
წინამდებარე საარბიტრაჟო შეთანხმება ძალაშია ამ შეთანხმების შეწყვეტის შემთხვევაშიც. არბიტრაჟი გაიმართება ერთი არბიტრის შემადგენლობთ. ამ შემთხვევაში, თუ არბიტრაჟი გამომდინარეობს ან უკავშირდება ამ შეთანხმებას, არბიტრი არ არის უფლებამოსილი გადაწყვეტილება მიიღოს ზიანის დაკისრებაზე ამ შეთანხმების პირობების საწინააღმდეგოდ. არბიტრი არჩეულ უნდა იქნეს მხარეთა ერთობლივი გადაწყვეტილებით. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ თანხმდებიან არბიტრზე 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც არბიტრაჟის ინიციატორი მხარე გაუგზავნის მეორე მხარეს წერილობით შეტყობინებას არბიტრაჟის დაწყების განზრახვასთან დაკავშირებით, JAMS დააჩქარებს არბიტრის არჩევის პროცესს JAMS-ის იმ დროისთვის მოქმედი წესების მიხედვით. არბიტრის წერილობითი გადაწყვეტილება იქნება საბოლოო, სამართლებრივად სავალდებულო მხარებისთვის და სასამართლოს მიერ აღსრულებადი. საარბიტრაჟო პროცედურა უნდა დაინიცირდეს და წარიმართოს სან ფრანცისკოში (კალიფორნია), ინგლისური ენის გამოყენებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მხარეები ამ საკითხზე სხვაგვარად შეთანხმდებიან, და შეიძლება წარიმართოს ვირტუალურად. წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად წარმართული ნებისმიერი არბიტრაჟი გაიმართება ინდივიდუალურ საფუძველზე: კოლექტიური არბიტრაჟები და კოლექტიური სარჩელები არ დაიშვება. მომხმარებელი აცნობიერებს და აცხადებს თანხმობას, რომ რომ ამ პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი და PDC უარს ამბობენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს და კოლექტიური ან წარმომადგენლობითი სარჩელის აღძვრის უფლებაზე.
დასკვნითი დებულებები
ნებისმიერი მხარის მიერ ამ შეთანხმებაში მითითებული რომელიმე უფლების განუხორციელებლობა არ განიხილება სხვა უფლებებზე უარის თქმად.
მომხმარებელი აცნობიერებს და ეთანხმება, რომ იგი არ არის PDC-ის დასაქმებული, აგენტი, პარტნიორი ან საერთო საწარმოს მხარე და მას არ აქვს რაიმე სახის უფლებამოსილება PDC-ისთან დაკავშირებით.
PDC არ არის პასუხისმგებელი მის მიერ წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, თუ ამგვარი შეუსრულებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომელიც PDC-ის კონტროლს მიღმაა, მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ, მექანიკური, ელექტრონული ან სატელეკომუნიკაციო დაზიანება ან დეგრადაცია (მათ შორის, შემთხვევითი ელექტრო ფლუქტუაციები).
თუ ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულება არის არააღსრულებადი ან ბათილი, ამგვარი დებულება უნდა აღმოიფხვრას ან შეიზღუდოს მინიმუმამდე, იმისათვის, რომ შეთანხმება დარჩეს ძალაში და იყოს აღსრულებადი.
წინამდებარე შეთანხმება არ არის მომხმარებლის მიერ გადაცემადი ან ქვე-ლიცენზირებადი, გარდა PDC-ის მიერ წინასწარი წერილობითი ნებართვის გაცემის შემთხვევისა. PDC უფლებამოსილია გადასცეს ან მოახდინოს ამ შეთანხმების და მისი უფლებების და ვალდებულებების დელეგირება ნებართვის გარეშე.
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული პირდაპირ არის გათვალისწინებული ამ შეთანხმებაში, ორივე მხარე თანხმობას აცხადებს, რომ ეს შეთანხმება (მომხმარებლის მიერ შესრულებული ნებისმიერი დავალების სპეციალურ პირობებთან, PDC-ის ნებისმიერ წესთან, პროცედურასთან ან პოლიტიკასთან ერთად, რომელიც ძალაშია ამ შეთანხმების მოქმედების ვადაში, ასევე, აპლიკაციის პლატფორმაზე მითითებულ იმ წესებთან ერთად, რომელთა საფუძველზეც მომხმარებელმა მიიღო წვდომა აპლიკაციაზე) არის მხარეთა შორის არსებული ერთიანი შეთანხმება. ამ შეთანხმებასა და მანამდე გაფორმებულ შეთანხმებას ან პოლიტიკას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება წინამდებარე შეთანხმების პირობებს. ყველა ცვლილება უნდა გაფორმდეს წერილობით და ხელი მოეწეროს ორივე მხარის მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ შეთანხმებაში სხვაგვარად არის გათვალისწინებული.
მომხმარებელმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს შესაბამისობა ნებისმიერ შესაბამის ფედერალურ, შტატის და ადგილობრივ კანონებთან, მათ შორის, საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული კანონებთან.
წინამდებარე შეთანხმება ბათილია იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული აკრძალულია კანონით. ამგვარ იურისდიქციებში სერვისზე წვდომის უფლება გაუქმებულია.